logo
ENG



გახარია ჭორაობას უწოდებს ვაშაძის განცხადებას თანაგუნდელის პირადი ცხოვრებით დაშანტაჟებაზე

06 სექ 202019:39
3 წუთის საკითხავი
 
a1so973gxint5jy.jpg

გიორგი გახარია გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ მის თანაგუნდელს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ, ჭორაობას უწოდებს და ამბობს, რომ მეტი მტკიცებულებებია საჭირო. 

"პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება არის კანონით დასჯადი ქმედება, რომელზეც, თუ ასეთი რამ მოხდა და ეს არ არის ვიღაცის თავში დაბადებული ფანტაზია, აღიძრება საქმე და შესაბამისი ნაბიჯები იქნა გადადგმული. 

თუ ამაზე მეტი ინფორმაცია გააჩნია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, გარკვეულ მტკიცებულებებს, პირდაპირს ან ირიბს, რომ უკვე საგამოძიებო უწყებებმა ქმედებები დაიწყონ, იმის მაგივრად, ჟურნალისტებთან დადგეს და იჭორაოს, ეს ინფორმაცია შესაბამის საგამოძიებო ორგანოებში მიიტანოს, ინსტრუქცია გადაეცით". - თქვა მან. 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ მის თანაგუნდელ ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ.

როგორც ვაშაძემ თქვა, თუ კადრები გავრცელდება, ამას მისი გუნდის მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.

ის ეჭვობს, რომ მომხდარი მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება.

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. რა რეაგირება ექნება უწყებასს, ჯერჯერობით უცნობია. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პოლიტიკოსს პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებენ. 

2019 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტერნეტსივრცეში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოქვეყნდა. 

თებერვალში შსს-მ 16 ახალგაზრდა დააკავა იმ მიზეზით, რომ მათ ჩანაწერი ნახეს და რამდენიმე მეგობარს გაუგზავნეს. ისინი რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. ეკა ბესელია ამბობდა, რომ მას კადრების გამავრცელებლის დასჯა სურდა და ახალგაზრდების დაკავება საქმის გამოძიებას არ უდრიდა. მან გიორგი გახარიას როგორც შს მინისტრის, ისე პრემიერის რანგში არაერთხელ მიმართა და დამნაშავის გამოვლენა სთხოვა, თუმცა, უშედეგოდ. 


close დახურვა